English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘ გულნაზ ერქომაიშვილი ლალი ხურცია
საქართველოში ენერგეტიკული ჰაბის ფორმირების წანამძღვრები და განვითარების პერსპექტივები

 ჟურნალი N 2. 2023

სტატიაში განხილულია ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკა, როგორც ევროპის და მათ შორის - საქართველოს ახალი ფუნქციონალური მიმართულება. რუსეთ-უკრაინის ომმა და რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულმა სანქციებმა, დღის წესრიგში მწვავედ დააყენა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი, ახალი ალტერნატიული გზების ძიება, რამდენადაც ევროკავშირის ენერგეტიკული დიპლომატიის პრაქტიკაში სულ უფრო ხშირად მწვავდება ენერგორესურსების ტრანზიტის პრობლემები. დღეისათვის ევროკავშირმა აქცენტი გააკეთა ენერგეტიკული უსაფრთოხებისა და ნაციონალური ჰაბების შექმნაზე მრავალი მიმართულებით, მათ შორის საქართველოზე, როგორც სამხრეთ კავკასიისა და კასპიის რეგიონის შემკრებ ჰაბზე.
კვლევის მიზანია საქართველოში ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი ენერგეტიკული ჰაბის პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების პერსპექტივების გაანალიზება და მისი ეფექტიანი განხორციელების გზების ძიება.
სტატიაში გაკეთებულია დასკვნა, რომ საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება, ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე დაყრდნობით, უკავშირდება ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციის გააქტიურებას, ენერგეტიკული დიპლომატიის წარმოებას გადაწყვეტილების მიმღებ ქვეყნებთან და შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებას. საქართველოს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, დღეს აქვს შანსი, გახდეს ელექტროენერგეტიკული ჰაბი. ამისათვის, ქვეყანამ ტრანზიტული ქვეყნის უპირატესობები უნდა გამოიყენოს. ის უნდა გახდეს ელექტროენერგიის გარდამქმნელი და ტრანზიტის ქვეყანა. საქართველოს ტრანსკავკასიური ელექტროენერგეტიკული ჰაბის ფუნქცია მნიშვნელოვნად გაძლიერდება შავი ზღვის ფსკერზე მოსაწყობი მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის პროექტის განხორციელებით. ნაშრომში ნაჩვენებია თუ რას მოუტანს ქართულ ეკონომიკას, კერძოდ, საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორს ეს პროექტი. კვლევის საფუძველზე შემუშავებულია რეკომენდაციები მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდებში.
საკვანძო სიტყვები: ენერგეტიკული ჰაბი, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ენერგეტიკული ინტეგრაცია, საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა.

შესავალი


გლობალიზაციამ დღის წესრიგში დააყენა ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი, რომელიც მეტწილად ბაზრების დივერსიფიკაციასა და ენერგეტიკული ჰაბების შექმნას გულისხმობს. ამ პროცესის წარმატება დამოკიდებულია ენერგეტიკული დიპლომატიის მოქნილობაზე, რომელიც თანამედროვე ეკონომიკური პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტია.
რუსეთ-უკრაინის ომმა და რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულმა სანქციებმა, დღის წესრიგში მწვავედ დააყენა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი, ახალი ალტერნატიული გზების ძიება, ენერგეტიკული პრობლემებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მოგვარებისადმი ერთიანი მიდგომის შემუშავების აუცილებლობა. რუსეთზე დამოკიდებულებას ევროკავშირი უკვე ათ წელზე მეტია უსაფრთხოების გამოწვევად აღიქვამს.
ევროკავშირის ენერგეტიკული დიპლომატიის პრაქტიკაში სულ უფრო ხშირად მწვავდება ენერგორესურსების ტრანზიტის პრობლემები. ევროპის ბაზარზე მიწოდებული ენერგორესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი რამდენიმე სახელმწიფო საზღვარს კვეთს. შემთხვევითი არ არის, რომ 2015 წლის ივლისში წყაროების, მომწოდებლებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციისათვის საჭირო მოქმედებების გეგმის შესასრულებლად ევროკავშირის საბჭომ ძირითად პრიორიტეტებად მიუთითა, რომ დიპლომატიური მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა სამხრეთის გაზის დერეფანს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას. ხაზგასმული იყო აღმოსავლეთ-ხმელთაშუაზღვისპირეთის რეგიონის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკის, აფრიკისა და ავსტრალიის სტრატეგიული პოტენციალი.
რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული ინტერვენციის შედეგად ენერგეტიკული უსაფრთოხების საკითხი კიდევ უფრო გამწვავდა. ჯერ კიდევ ომამდე რუსეთიდან ენერგორესუსების ტრანზიტის საკითხი პრობლემური იყო. რუსეთი ენერგეტიკას იყენებდა, როგორც ევროპაზე ზეგავლენის მოხდენის ინტრუმენტს, რის გამოც არ არსებობდა ერთობა რუსეთთან ენერგეტიკული ურთიერთობის პოლიტიკაში. რუსული ბუნებრივი აირის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები, კერძოდ, გერმანია და იტალია, დაინტერესებულნი იყვნენ რუსეთთან თანამშრობლობის გაგრძელებით, რაც გამოიხატებოდა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და „სამხრეთის/თურქეთის ნაკადის“ მიმართ მათი მხარდამჭერი პოზიციით. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის რეალიზაციის შემთხვევაში გერმანია გაზს პირდაპირ რუსეთიდან, მესამე ქვეყნებისთვის გვერდის ავლით მიიღებდა და ევროპის ბუნებრივი აირის ჰაბიც გახდებოდა. ევროკავშირის სამხრეთ ნაწილში დაგეგმილი გაზსადენის აგებისა და გაშვების შემთხვევაში კი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში დიდი მოცულობის ბუნებრივი აირი იტალიის ტერიტორიიდან გადანაწილდებოდა.
თუმცა, როგორც აღინიშნა, ამ გაზსადენებთან დაკავშირებული პროექტები უკრაინასთან დაწყებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე შეწყდა და აღარ გაგრძელებულა.
ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული ჰაბების შექმნის სფეროში ევროკავშირის საქმიანობა საკმაოდ შედეგიანად შეიძლება შეფასდეს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ენერგეტიკული ბაზრის ფორმირების გზაზე რიგი გამოწვევა მაინც არსებობს, როგორიცაა: იმპორტზე დამოკიდებულების გაზრდა; დივერსიფიკაციის საკითხები; ენერგომატარებლებზე ფასების არამდგრადობა; ენერგორესურსებზე მზარდი გლობალური მოთხოვნა; უსაფრთხოების რისკები, რაც მწარმოებელ ქვეყნებს და სატრანზიტო ქვეყნებს შეეხება; კლიმატის ცვლილების მზარდი საფრთხეები; ნელი პროგრესი ენერგოეფექტიანობის სფეროში; ენერგიის განახლებადი წყაროების წილის გაზრდასთან დაკავშირებული პრობლემები; ენერგეტიკულ ბაზრებზე გამჭვირვალობის გაზრდის, შემდგომი ინტეგრაციისა და გაერთიანების აუცილებლობა.
დღეისათვის ევროკავშირმა აქცენტი გააკეთა ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ნაციონალური ჰაბების შექმნაზე მრავალი მიმართულებით, მათ შორის საქართველოზე, როგორც სამხრეთ კავკასიისა და კასპიის რეგიონის შემკრებ ჰაბზე, სადაც შესაძლებელია თავი მოიყაროს ამ რეგიონებიდან წამოსულმა ნავთობ/გაზსადენებმა.
ენერგეტიკული უსაფრთოხებისა და ეროვნული ენერგეტიკული ჰაბების განვითარების დროს მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფოთა შორის განსხვავებები ენერგეტიკული წყაროების მიხედვით. მაგალითად, ძალიან დიდია ბირთვული ენერგიის მნიშვნელობა საფრანგეთში (ქვეყანაში წარმოებული ენერგიის საერთო მოცულობის 80%), ბელგიასა (75%) და სლოვაკეთში (62%). რიგ ქვეყანაში ენერგიის ძირითად წყაროს განახლებადი ენერგია წარმოადგენს. ეს მაჩვენებელი მალტაზე, ლატვიაში, პორტუგალიასა და კვიპროსზე წარმოებული ენერგიის 90%-ზე მეტია. მყარ საწვავს უდიდესი მნიშვნელობა აქვს პოლონეთისათვის (78%), ესტონეთისათვის (67%), საბერძნეთისა და ჩეხეთისათვის (59%). ენერგიის ძირითად წყაროს ნიდერლანდებში ბუნებრივი აირი (83%) წარმოადგენს. ნედლი ნავთობი წარმოებული ენერგიის ძირითადი წყაროა დანიასა (47%) და დიდ ბრიტანეთში (41%) (Energy statistics - an overview 2021).
ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ქვეყანაში შეტანილ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება და ასევე ენერგიის განახლებადი წყაროების ხარჯზე ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა.
ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკა ევროპის ახალი ფუნქციონალური მიმართულება გახდა. ევროკავშირი მოიხმარს მსოფლიოში წარმოებული ენერგიის ერთ მეხუთედს, მაგრამ მას შედარებით მცირე საკუთარი მარაგები გააჩნია. ევროკავშირი მსოფლიოში ენერგიის უმსხვილესი იმპორტიორია. მის მიერ მოხმარებული ენერგიის 54% იმპორტირებულია.
იზრდება ენერგიის განახლებადი წყაროების წილი და ევროკავშირის წარმატება ამ სფეროში უდავოა, მაგრამ მათ ტრადიციული ენერგორესურსების სრულად ჩანაცვლება ჯერ კიდევ არ შეუძლიათ და არატრადიციული ენერგეტიკის პრობლემას სწორედ ეს წარმოადგენს (Nouicer and Rossetto, 2020).
ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ქვეყანაში შეტანილ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება და ასევე ენერგიის განახლებადი წყაროების ხარჯზე ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა.
ამჟამად გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე ადგილი აქვს ეკონომიკური კონკურენციის ზრდის ტენდენციას, რაც ქვეყნების ეკონომიკური კურსის მუდმივ რეგულირებას მოითხოვს. ევროკავშირის ქვეყნები ენერგიის მომწოდებელ რამდენიმე ქვეყანაზეა დამოკიდებული, რაც მიწოდების შეფერხების შემთხვევაში, მათ დაუცველს ხდის. ამჟამინდელი საერთაშორისო სიტუაციიდან ნათელი ხდება, რომ ევროპის მომავალი კეთილდღეობა დამოკიდებულია იმაზე, თუ ზენაციონალური ინსტიტუტები რამდენად წარმატებით გადაჭრიან ორ ცენტრალურ ენერგეტიკულ პრობლემას, როგორიცაა საიმედო და ხელმისაწვდომი ენერგიით უზრუნველყოფა და იმპორტზე დამოკიდებულების დონის შემცირება.
ევროკავშირის ქვეყნებს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად ესაჭიროებათ ენერგეტიკული ჰაბების განვითარება, რაც თანხვედრაში იქნება საერთო ზოგადსაკაცობრიო მიზნებთან და რომლებშიც თავს მოიყრის დივერსიფიცირებული წყაროებიდან მოზიდული ენერგომატარებლები, განახლებადი ენერგიების წილის განუხრელი ზრდის პირობით.

ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკის თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში

საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მისი, როგორც საერთაშორისო საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ენერგეტიკული, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო, ტურისტული და საფინანსო კვანძის (ჰაბის) ჩამოყალიბება, რაც მოგვცემს როგორც ქვეყნის შიდა, ისე რეგიონალური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას. ამით ხელი შეეწყობა ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის ეროვნული წარმოების წარმადობის განვითარებას, იმპორტის ჩანაცვლებას და ექსპორტის ზრდას, მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვასა და საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში ქვეყნის სრულფასოვან მონაწილეობას.
საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება, რომელიც თანხვედრაში უნდა იყოს თანამედროვეობის მოთხოვნებთან და შეესაბამებოდეს იმ პოლიტიკურ კურსს, რომელსაც საქართველო ადგას ევროინტეგრაციის გზაზე. ამ პარადიგმაში საქართველოს თანამედროვე ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანია, არამხოლოდ ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაცია და კარბოენერგეტიკიდან - მწვანე, განახლებად და გარემოსთვის უსაფრთხო ენერგიის წარმოებაზე გადასვლა, არამედ საერთო მიზნების გათვალისიწინებაც: - ენერგიის დაზოგვა, ენერგეტიკული ბაზრების გახსნილობა და კონკურენტუნარიანობის გაზრდა, საერთაშორისო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და კრიზისულ სიტუაციებში დახმარების გაწევის უნარი როგორც ქვეყნის შიდა, ასევე ქვეყნის გარეთ წარმოქმნილ პრობლემებში.
საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 20 დეკემბერს მიიღო კანონი „ენერგეტიკის შესახებ“. ენერგეტიკის კანონმა შექმნა სამართლებრივი ჩარჩო საქართველოს კანონმდებლობაში ევროკავშირის შემდეგი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გასათვალისწინებლად და ასამოქმედებლად: ა) 2009 წლის 13 ივლისის N2009/72/EC დირექტივა ელექტროენერგიის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების შესახებ, რომლითაც გაუქმდა დირექტივა N2003/54/EC; 2) 2009 წლის 13 ივლისის N714/2009(EC) რეგულაცია ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გაცვლის სისტემებზე დაშვების პირობების შესახებ, რომლითაც გაუქმდა რეგულაცია (EC)N1228/2003; 3) 2006 წლის 18 იანვრის N2005/89/EC დირექტივა ელექტროენერგიის მიწოდებისა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ; 4) 2009 წლის 13 ივლისის N2009/73/EC დირექტივა ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრისათვის საერთო წესების დაწესების შესახებ, რომლითაც გაუქმდა დირექტივა N2003/55/EC; 5) 2009 წლის 13 ივლისის (EC)N715/2009 რეგულაცია ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელებზე დაშვების პირობების შესახებ, რომლითაც გაუქმდა რეგულაცია (EC)N1775/2005; 6) 2004 წლის 26 აპრილის N2004/67/EC დირექტივა ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომების შესახებ.
2020 წელს მომზადდა ენერგეტიკული პოლიტიკის კონცეფციის პროექტი, რომელიც აღწერს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებულ სიტუაციას, ხედვას, პრიორიტეტებს და გამოწვევებს, აგრეთვე მათთან გამკლავების გზებს. ზემოაღნიშნული დოკუმენტის თანახმად განახლებადი ენერგია წარმოადგენს ენერგეტიკული სექტორის განვითარებისთვის ერთერთ წამყვან საკითხს. ამასთანავე, სხვადასხვა სახის განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება და ინტეგრაცია, რომელიც ძირითადად მოიცავს მზის და ქარის ენერგიას, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის საქმეში. ახალი ენერგეტიკული სტრატეგიის ერთერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაცია და გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ენერგეტიკის კანონის 37-ე მუხლის თანახმად (ელექტროენერგიის წარმოების ხელშეწყობა) განახლებადი ენერგიების წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოება და მაღალი ეფექტიანობის კოგენერაცია შეიძლება წახალისდეს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით ან საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების და პირობების შესაბამისად განსაზღვრული წახალისების და მხარდაჭერის მექანიზმებით, განახლებადი ენერგიების წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების და/ან ელექტროენერგიისა და სითბოს კომბინირებული წარმოების იმ დონის მისაღწევად, რომელიც შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით საქართველოსთვის არის დადგენილი.
აუცილებელია ევროკავშირის ენერგეტიკის კანონის გათვალისწინება საქართველოს საკანონმდებლო და მარეგულირებელი კანონის ჩარჩოს შედგენისას. საქართველოს კანონმდებლობის, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეჯერება, მნიშვნელოვანია ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნებისთვის.
ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია,
საქართველოში ორი მიმართულების მნიშვნელოვანი გაზსადენი მილები გადის. პირველია ჩრდილოეთ-სამხრეთ მილსადენების სისტემა NSCP. 2000-იანი წლების დასაწყისში NSCP-ის მეშვეობით ამარაგებდა რუსეთი საქართველოს და სომხეთს, მაგრამ ბოლო წლების სტატისტიკით, ძირითადად სომხეთის მომარაგებისთვის გამოიყენება. მეორეა სამხრეთ-კავკასიური მილსადენების სისტემა SCP, რომლის ძირითადი ფუნქციაა შაჰ-დენიზის ოფშორული საბადოს ბუნებრივი გაზის მიწოდება აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის და ევროპული ბაზრებისთვის, ანუ კასპიის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე. საქართველოს დამოკიდებულება რუსულ გაზზე მინიმალურია. საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარ მიმწოდებელს წარმოადგენს აზერბაიჯანი (იხ.ცხრილი 1).

აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის წილი 2018-2022 წწ

ცხრილი 1

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საგარეო ვაჭრობა, 2022)
როგორც მონაცემებიდან ჩანს, საქართველო ძირითადად აზერბაიჯანის გაზს მოიხმარდა. მიუხედავად ამისა, არასახარბიელო ტენდენცია შეინიშნება 2021 წლამდე, როდესაც აზერბაიჯანული გაზის წილი შემცირდა, რუსეთის კი გაიზარდა. მაგრამ 2022 წლის 9 თვის მონაცემებით მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა.
რუსეთიდან 2018 წლის სექტემბერში 17160 დოლარის, 2019 წლის სექტემბერში 1 606 550 დოლარის, 2020 წლის სექტემბერში 1 341 810 დოლარის, 2021 წლის სექტემბერში 671 180 დოლარის, ხოლო 2021 წლის სექტემბერში 453 910 დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირის იმპორტი განხორციელდა. კლების ტენდენცია შესამჩნევია, თუმცა ეს შედეგი შეიძლება განსხვავებული იყოს შემოდგომისა და ზამთრის თვეების შემდეგ. საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს რუსული ენერგეტიკული რესურსებისგან დამოუკიდებლობის მიღწევა, ამიტომ რუსული იმპორტი ამ მიმართულებით კიდევ უნდა შემცირდეს, ისევე როგორც 2018 წელს.
მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უკავშირდება საქართველოს დერეფნის გამოყენებას არის აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის მიწოდება, რომელსაც საფუძველი გასულ ათწლეულში ჩაეყარა. 2011 წლის 14 სექტემბერს, ქ. ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანის და რუმინეთის პრეზიდენტებმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს პროექტის მხარდამჭერ დეკლარაციას. ამავე ღონისძიების ფარგლებში, სამივე ქვეყნის შესაბამისმა კომპანიებმა - SOCAR (აზერბაიჯანი), GOGC (საქართველო) და Romgaz (რუმინეთი) ხელი მოაწერეს აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის პროექტის განმახორციელებელი ერთობლივი კომპანიის - SC AGRI LNG Project Company S.R.L. სადამფუძნებლო ხელშეკრულებას და ურთიერთგაგების მემორანდუმს პროექტის განხორციელების თაობაზე. AGRI LNG პროექტი იმით არის განსაკუთრებული, რომ შესაძლებელია არსებული მილსადენებით აზერბაიჯანიდან მოხდეს ბუნებრივი აირის მიწოდება შავ ზღვამდე მილსადენით, ხოლო შემდგომ მოხდეს ბუნებრივი აირისთვის თხევადი ფორმის მიცემა და შავ ზღვაზე ტანკერებით ტრანსპორტირება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის არსებულ სიტუაციაში, მაშინ როდესაც ევროპა გაზის მიმწოდებლების ძიებაშია, ხოლო ჩვენ საშუალება გვეძლევა განვავითაროთ ჩვენი სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია (საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია).
სამომავლოდ, საქართველოს დერეფნის გამოყენების ისეთი კონცეფციებიც არის შემუშავებული, როგორებიცაა ტრანსკასპიური მილსადენის კონცეფცია, თეთრი ნაკადის კონცეფცია (შავ ზღვაში მილსადენები საქართველოდან რუმინეთამდე) (გოჩიტაშვილი თ. 2014).
საქართველოს არამხოლოდ ბუნებრივი აირის, არამედ ნავთობის გადაზიდვის გამორჩეული პოტენციალი აქვს, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკვე არსებობს მარშრუტები - ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი. საქართველოს არამხოლოდ აზერბაიჯანიდან, არამედ მთლიანი კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებიდან შეუძლია ნავთობის ტრანსპორტირება ევროპისკენ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოებაზე დაყრდნობით, უკავშირდება საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციის გააქტიურებას, ენერგეტიკული დიპლომატიის წარმოებას გადაწყვეტილების მიმღებ ქვეყნებთან და შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებას. ეს ყველაფერი პირველ რიგში, ქვეყანას მისცემს რუსეთისგან დამოუკიდებლობის საშუალებას, მეორე მხრივ კი ქვეყანაში გაჩნდება დამატებითი შემოსავლები, სამუშაო ადგილები და ა.შ.
ბოლო წლებში განსაკუთრებულად გაიზარდა საქართველოში ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობისადმი ინტერესი. აქედან გამომდინარე, საქართველოს გადამცემი სისტემის ოპერატორმა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ ევროპელი კონსულტანტების DigSILENT, DMCC, R2B კონსორციუმის დახმარებით შეისწავლა ცვალებადი განახლებადი ენერგიის წყაროების საქართველოს ენერგოსისტემაში ინტეგრირების შესაძლებლობები. ქარის ტურბინების და მზის პანელების თვითღირებულება სულ უფრო და უფრო მცირდება, რის გამოც ქარის და მზის ენერგიის ათვისება სულ უფრო მიმზიდველი ხდება. მათი ელექტროსადგურების მშენებლობას ბევრად ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე ჰესებს (კაშხლის და წყლის სადაწნეო სისტემის არარსებობის გამო). ასევე მინიმალურია მათზე ე.წ. საოპერაციო ხარჯები (დანახარჯები მუშაობის პერიოდში). ჰესების მშენებლობის გაჭიანურების და ქვეყნის ელექტროენერგიის მოხმარების ინტენსიური ზრდის ფონზე, მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება შიდა წყაროების ათვისება. ამ მხრივ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ქარისა და მზის ელექტროსადგურებს. თუმცა, მათი ინტეგრაცია არ უნდა მოხდეს ენერგოსისტემის საიმედოობის შემცირების ხარჯზე. ქარისა და მზის ელექტროსადგურებს გააჩნია რიგი თავისებურება, რაც აუარესებს ენერგოსისტემის მდგრადობას, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი გენერაციის ცვალებადობა. ეს შედარებით ნაკლებად არის გამოხატული მზის შემთხვევაში, რადგან მისი გენერაცია ძირითადად დამოკიდებულია კალენდარულ ცვალებადობაზე და ნაკლებად - ამინდზე.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია უფრო მეტად შეეწყოს ხელი ქვეყნის გავლით ენერგოდერეფნების განვითარებას, მათ შორის, ევროპულ ენერგობაზრებზე პირდაპირი წვდომის მიმართულებით. აუცილებელია აქტიური მუშაობა საქართველოში გამავალ სატრანსპორტო დერეფანში მეტი საერთაშორისო ტვირთების მოზიდვისთვის, ასევე ახალი სატრანსპორტო დერეფნების შექმნისა და გაფართოებისთვის.
საქართველოს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კავკასიის (შავი ზღვის აუზის ქვეყნების) რეგიონში დაგეგმილი ენერგეტიკული ინტეგრაციის ამოცანათა გადაჭრაში. რაც გულისხმობს ამ ქვეყნებს შორის ელექტროენერგიის მიმოცვლას და საქართველოს ჰიდროენერგორესურსების ათვისებასა და გამოყენებას. არსებული მდგომარეობით საქართველოს ენერგოსისტემიდან მეზობელ ენერგოსისტემებთან სიმძლავრის მიმოცვლა ხორციელდება 500, 400, 330, 220 კვ ძაბვის სატრანზიტო ელექტროგადამცემი ხაზებით. ელექტროენერგიის მიმოცვლა ხორციელდება: საქართველოდან რუსეთში, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში და პირიქით; ასევე რუსეთიდან თურქეთში, აზერბაიჯანიდან თურქეთში. ამ ამოცანათა შესრულებას ემსახურება საქართველოს გადამცემი ქსელის სატრანზიტო ხაზები, თუმცა მათი გამტარუნარიანობა შეზღუდულია ქვეყნის ენერგოსისტემის მუშაობის დასაშვები რეჟიმული პარამეტრებით.
საქართველოს შიგა წარმოების პოტენციალი აქვს ელექტროენერგიის მიმართულებით. განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში, საქართველოს შეუძლია გამოიმუშავოს იმდენი ელექტროენერგია, რამდენიც საჭიროა ქვეყნის მოხმარების დასაკმაყოფილებლად და გავიდეს ექსპორტზეც. სხვა შემთხვევაში საქართველო ელექტროენერგიის ძირითად იმპორტს ახორციელებს აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან.
ბოლო წლების ტენდენციას, რომელიც უკავშირდება იმპორტირებული ელექტროენერგიის წილის კლებას აზერბაიჯანიდან და წილის მატებას რუსეთიდან, უარყოფითი გავლენა ექნება ეკონომიკაზე, ვინაიდან იქმნება საშიშროება, რომ საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე გაიზარდოს.

აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი 2018-2021წწ.

ცხრილი 2

წყარო: გაანგარიშებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით
საქართველოს აქვს ელექტროენერგიის ექსპორტის პოტენციალიც მეზობელ ქვეყნებში. მისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია თურქეთის ბაზარი, რომელიც უკავშირდება საბერძნეთსაც და, რა თქმა უნდა, სასურველია ევროპული ბაზრის ათვისებაც, რაც შესაძლებელია შავი ზღვის გავლით რუმინეთთან დაკავშირება და ელექტროენერგიის ექსპორტის ევროპულ ბაზარზე გატანა. ექსპერტთა გამოთვლებით, ქვეყანას შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ელექტროენერგიის ევროპულ ბაზარზე ექსპორტის მეშვეობით მილიარდი დოლარის ფინანსური რესურსის აკუმულირება მოახდინოს გადასახადების სახით, ამას, რა თქმა უნდა, ემატება ეკონომიკური აქტივობის ამაღლება და უმუშევრობის შემცირება (BM.GE).
ამგვარად, საქართველოს აქვს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებით ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ამაღლების და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდის პოტენციალი, რაც, რა თქმა უნდა, რაციონალური ეკონომიკური დიპლომატიის განხორციელებითაა შესაძლებელი. თუმცა, განსაკუთრებული საფრთხედ შეგვიძლია განვიხილოთ ის, რომ ქვეყანა ვერ მართავს სტრატეგიულ ობიექტებს, მაგალითად სს. თელასის საკონტროლო აქციების მფლობელი რუსული კომპანია ინტერ რაოა, რომლის სათაო ოფისიც მოსკოვში მდებარეობს. ასევე პრობლემაა ის, რომ ხდება სტრატეგიული ობიექტების გასხვისება, მაგალითად, ელექტროსადგურები გაიყიდა დაახლოებით 14 მლნ დოლარად, მაშინ როცა ელექტროსადგურები წელიწადში დაახლოებით 5 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგიას აწარმოებს.
საქართველოს, როგორც არასდროს, დღეს აქვს შანსი, გახდეს ელექტროენერგეტიკული ჰაბი. საამისოდ, ქვეყანამ ტრანზიტული ქვეყნის უპირატესობები უნდა გამოიყენოს. ის უნდა გახდეს ელექტროენერგიის ტრანზიტის ქვეყანა. აზერბაიჯანში არსებული ჭარბი ელექტროენერგია, კერძოდ, თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული, ანუ საბაზო ელექტროენერგია უნდა შემოვიდეს საქართველოში, ქვეყანაში არსებული მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით გარდაიქმნას იმ ტიპის ელექტროენერგიად, რომელიც ევროპის ბაზარზე შეიძლება გაცილებით ძვირად გაიყიდოს, ანუ პიკის საათების ელექტროენერგიად. ეს შესაძლებლობები და უპირატესობები მომავალშიც მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული.
საქართველოს ტრანსკავკასიური ელექტროენერგეტიკული ჰაბის ფუნქცია მნიშვნელოვნად გაძლიერდება შავი ზღვის ფსკერზე მოსაწყობი მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის პროექტის განხორციელებით. ამ მხრივ მნიშვნელოვანი გახდა გლობალურ პროექტში მსოფლიო ბანკის ჩართულობა (მის ნებისმიერ ეტაპზე). ეს ითვალისწინებს ასევე რუსეთის ფედერაციაზე ენერგოდამოკიდებულების ხარისხის შემცირებას, რამდენადაც შავი ზღვის კაბელი საქართველოს საშუალებას მისცემს რეგიონის ენერგოსისტემა ევროგაერთიანების სისტემას დააკავშიროს და პირიქით. პროექტი უმნიშვნელოვანესი იქნება საკუთრივ საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ევროკავშირის ბაზარზე გატანის თვალსაზრისით. ის საქართველოსთვის სატრანზიტო შემოსავლის წყაროც იქნება. ამ კაბელს ექნება სხვა დანიშნულებაც. ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა, რომ მასში ასევე დამონტაჟდეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენიც, რომელიც ტელეკომუნიკაციის /ინტერნეტ არხის/ ჩამოსაყალიბებლად დამატებით პირდაპირ საშუალებას მოგვცემს. ძნელია შევაფასოთ ეს შანსი, რაც, ტელესაკომუნიკაციო ტრაფიკის დამატებითი პირდაპირი არხის ფორმირების შესაძლებლობას იძლევა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიას/ცენტრალურ აზიას შორის.
ექსპერტების მოსაზრებით, ამ მასშტაბის გლობალურ პროექტში მსოფლიო ბანკის ჩართულობა მის ნებისმიერ ეტაპზე, მიუთითებს მის სერიოზულობაზე და პროექტის კარგ პერსპექტივაზე. შავი ზღვის ფსკერზე ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის იდეაზე წლების წინაც იყო საუბარი, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის, პროექტის სიძვირიდან გამომდინარეც, მაშინ საქმე არ დაძრულა. ამჯერად კი, საქართველოსთვის ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია. ის ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერზე 1200 კმ-მდე სიგრძის მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს. პროექტის დაფინანსებაში მსოფლიო ბანკთან ერთად ჩაერთვებიან, როგორც მთავრობები, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და მსხვილი ენერგეტიკული კორპორაციები. რაც საინტერესოა როგორც წმინდა ეკონომიკური, ისე გეოეკონომიკური და ზოგადად გეოპოლიტიკური თვალსაზრისითაც. მაგალითად, გეოლოგიური კვლევებისთვის, რომელიც შავ ზღვაში უნდა ჩატარდეს, საქართველო 20 მლნ აშშ დოლარს გამოყოფს.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის” პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობებისა და საუკეთესო გზების დადგენის მიზნით, აქტიური რეჟიმით მიმდინარეობს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელსაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით, იტალიური საკონსულტაციო კომპანია CESI ახორციელებს. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 2023 წლის ბოლოს დასრულდება.
საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, თბილისში ოთხი ქვეყნის სამთავრობო უწყების მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა.
განსახილველ საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკა“-ს მეშვეობით განხორციელდება. შედეგად, 1 195 კმ-ის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.
ამ ეტაპზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საკონსულტაციო კომპანია CESI-ს დახმარებით, ახორციელებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. სამომავლოდ, პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება გარემოსა და სოციალური ზემოქმედების შეფასების და გეოფიზიკურ/ გეოტექნიკური შავი ზღვის ფსკერის კვლევები. ამის მეშვეობით დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები.
ოთხი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობით, მნიშვნელოვნად განვითარდება ენერგეტიკის სექტორი, გაიზრდება მწვანე ენერგიების სატრანზიტო და ვაჭრობის შესაძლებლობები, ევროპული ენერგოსისტემები კი პოტენციურად დაუკავშირდებიან სამხრეთ კავკასიის რეგიონს.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის სავარაუდო მარშრუტისა და ლოკაციის შერჩევის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იტალიური საკონსულტაციო კომპანია CESI-ს ექსპერტებთან ერთად ანაკლიაში იმყოფებოდნენ. მოინახულეს და განიხილეს ანაკლიის სანაპირო ზოლში ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განთავსების ლოკაციები, გარემოს დაცვის და სოციალური ზემოქმედების სკრინინგის ანგარიშის დასასრულებლად, ადგილზე განხორციელდა მოკვლევა და დათვალიერება. წარმომადგენლობა ასევე იმყოფებოდა ქვესადგურში „ჯვარი 500“, სადაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის საქართველოს ენერგოსისტემასთან მიერთებაა დაგეგმილი. კომისიამ ანაკლიაში ის ლოკაციები დაათვალიერა, სადაც სამომავლოდ იგეგმება ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის ზღვაში განლაგება, ხოლო მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, დაზუსტდება კაბელის მარშრუტი, გარემოს დაცვისა და სოციალური სკრინინგის საკითხები და ა.შ.


დასკვნები და რეკომენდაციები

რას მოუტანს ქართულ ეკონომიკას, კერძოდ, საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი?
მაღალი ძაბვის ინფრასტრუქტურას დაემატება 1000 მეგავატამდე გამტარუნარიანი 500 კილოვატიანი გადამცემი ქსელი, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ენერგოდამოუკიდებლობის, ასევე ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. შემცირდება რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, რამდენადაც შავი ზღვის კაბელი საქართველოს საშუალებას მისცემს რეგიონის ენერგოსისტემა ევროგაერთიანების სისტემას დააკავშიროს და პირიქით.
ახალი გადამცემი ხაზი, ორივე მხარისთვის, ევროგაერთიანების ენერგოსისტემისა და ჩვენი რეგიონისთვის ერთნაირად საინტერესო იქნება, როგორც ენერგიის მიღების, ასევე გაცემის თვალსაზრისით. დღეს ყველა ეძებს იაფ და მწვანე ენერგიას. ეს ტენდენცია უკვე შეუქცევადია. აქედან გამომდინარე, როგორც ჩვენი პერსპექტივაში განსავითარებელი ჰიდროენერგეტიკისთვის, ასევე აზერბაიჯანის ენერგეტიკისთვის, პრაქტიკულად გარანტირებული ბაზარი იხსნება. საკითხის მეორე მხარეა, როცა ვმსჯელობთ იმპორტის ახალ შესაძლებლობაზე. ცხადია, იმპორტის დივერსიფიკაციაც ჩვენი ენერგოპოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.
ევროპაც და აზიის ქვეყნებიც დაინტერესებული იქნებიან ახალი მყარი და მოცულობითი ენერგოკავშირების დამყარებით და, ცხადია, ამ საქმეში თავის როლს შეასრულებს და საქმეს გაამარტივებს, თუკი შავ ზღვაში უკვე იქნება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი. პოტენციაში იგივე ინფრასტრუქტურა უნდა დავინახოთ კასპიის ფსკერზეც. უდავოდ მიმზიდველად გამოიყურება აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ენერგოსისტემების კავშირის შესაძლებლობა. საკითხის ამ რაკურსით გაანალიზების შემთხვევაში, ისედაც ძალიან საინტერესო პროექტი კიდევ უფრო მეტ ინტერესს იძენს მთელი რიგი ენერგომოთამაშეებისთვის. მაგრამ, მანამდე, შავი ზღვის ფსკერზე მოსაწყობი მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის პროექტმა უნდა ნახოს დღის სინათლე, მისი დაწყება უნდა გახდეს საქართველოს ენერგოგანვითარების მასტიმულირებელი და მისი მეშვეობით ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეიძინოს ტრანსკავკასიური ელექტროენერგეტიკული ჰაბის ფუნქცია. ამასთან, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ჩვენი ქვეყანა საუკუნის პროექტის „აბრეშუმის გზის“ მონაწილეა. შესაბამისად, პროექტის - „ერთი გზა, ერთი სარტყელის“ ფარგლებში საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. რა თქმა უნდა, როდესაც სატრანზიტო ფუნქციაზე ვმსჯელობთ, აქ არ იგულისხმება მხოლოდ საგზაო ან სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ელექტროენერგიის სატრანზიტო როლის გაზრდაც ამ გლობალური მასშტაბით უნდა განვიხილოთ. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდა ლოჯისტიკური მნიშვნელობისა, საქართველო ასევე ენერგეტიკული თვალსაზრისით ჩამოყალიბდება ერთგვარ კარიბჭედ აზიასა და ევროპას შორის.

ლიტერატურა:

• გოჩიტაშვილი თ. (2014). ნავთობისა და გაზის სატრანზიტო მილსადენები (არსებული და პერსპექტიული), თბილისი. http://weg.ge/sites/default/files/1.-energy-transit-projects.pdf
• მარგველაშვილი მ. (2014). საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკები და მათი შერბილების მიმართულებები.
http://weg.ge/sites/default/files/energetikuli_usaprtxoebis_riskebi.pdf
• მიწოდების უსაფრთხოების ანგარიში ელექტროენერგეტიკულ სექტორში https://www.economy.ge/uploads/files/2017/energy/security_of_supply_statement_electricity/security_of_supply_statement_electricity_2021_geo.pdf
• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 10 წლიანი გეგმა. https://drive.google.com/file/d/1wk pB0wTOFSQYU7c62wOeRY9W0UcATze/viewნანახია05.09.2022;
• საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2023). www.geostat.ge
• ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2020-2023 წლებისათვის (2019) თბილისი.
• Energy statistics - an overview. Eurostat - statistics explained. Accessed 05 08, 2023. https://ec.europa.eu/eurostat/statistics-explained/index.php?title=Energy_statistics_-_an_overview#Imports_and_exports.
• Nouicer, Athir, and Nicolò Rossetto. (2020). Renewable Energy in the European Union. Accessed 05 06, 2023. https://fsr.eui.eu/renewable-energy-in-the-european-union/.
• https://for.ge/index.php/view/209711/zurab-noRaideli-saqarTvelos-aqvs-Sansi-energetikuli-habi-gaxdes.html
• https://business-partner.ge/energetika/andria-gvidiani-sakartvelo-elektroenergetikuli-habi-unda-gakhdes
• https://www.gse.com.ge/sw/static/file/TYNDP_GE-2022-2032_GEO.pdf